რით დავიწყო არ ვიცი. მოდი ასე დავიწყებ:
რამდენიმე წლის წინ ჩემი ძმაკაცი ლაჟვარდა მოვიდა უბანში, წითელი მაისური ეცვა და ზედ გაბურძგნული კაცი ეხატა. თვითონაც არ იცოდა ვინ იყოს ეს კაცი, არც მე ვიცოდი და არც ჩვენმა სხვა ძმაკაცებმა. კინო ამირანის ფოიეში ყოფილა რაღაცა სერვისი, მაისურებზე სურათების გადატანის, ჰოდა ლაჟვარდას ეს ”არაპაპსავიკური” სურათი მოეწონა და გადაატანინა მაისურზე. მეც და ლაჟვარდასაც დღემდე გვჯერა, რომ ეს კაცი პირველად (ჩვენს თაობაში მაინც) მან დაიხატა მაისურზე და მხოლოდ ამის მერე წამოვიდა გამო”ჩე”რჩეტებული ახალგარდობა. მხოლოდ მას შემდეგ დავიწყეთ ”ჩე”-ს სურათიანი მაისურების შემჩნევა მე და ჟელვერამ (ეს მისი ერთ-ერთი მეტსახელია, ჩვენს წრეში გვიყვარს უცნაური სახელების დარქმევა ერთმანეთისთვის). ჰო ჩე-ზე ვსაუბრობდი (აქედან უკვე ბრჭყალების გარეშე დავწერ ხოლმე).
4 დღის ჩამოსული ვიყავი ნიუ-იორკში, მეხუთე ავენიუზე გავედი სასეირნოდ და გადავწყვიტე ლაჟვარდასთვის ჩეს მაისური მეყიდა და გამეგზავნა. მწვანე მაისური ამოვარჩიე, ზედ ჩეს პორტრეტი ეხატა და მის ქვეშ ეწერა: Viva La Revolucia.

მე თვითონ ჩე-თი არასდროს ვყფილვარ დაავადებული. ნორმალურად არც კი ვიცოდი ვინ იყო. ვიკიპედიაში მქონდა ამოკითხული, როგორც იტყვიან – ენციკლოპედიური ინფორმაცია (დანარჩენის წაკითხვა დამეზარა და პრინციპში იმ ეტაპზე ამ ინფომაც დამაკმაყოფილა). ერთხელაც ”ბორდერში” ბოდიალისას წავაწყდი წიგნს ჩეზე: A Che Handbook: All you need to know about Che! გადავათვალიერე. კარგი ხარისხის წიგნი იყო, შიგთავსიც ნორმალურად გამოიყურებოდა, ბევრი სურათები, ამონაწერები მისი დღიურებიდან, მისი წერილებიდან, ნაკვესები სხვა და სხვა სტატიებიდან, ჩეს ლექსები და ა.შ. ამ ყველაფერთან ერთად წიგნი სეილზე იყო გამოტანილი, სულ რაღაც $4.99 ღირდა. ვიყიდე.
სადღაც მეთხუტმეტე გვერდზე მას ჩე-თი აღარ მოვიხსენიებდი, ის ჩემთვის ”Comandante” გახდა. წიგნის დასრულების შემდეგ ორი დღე ჩე-ზე ვფიქრობდი. ავტობუსში მოკალათებული, სივრცეს გავყურებდი, ყურებში სენტიმენატალური მუსიკა მქონდა და ვნანოდბი ჩე-ს! ”ცოცხალი რომ იყოს ჩავაკითხავდი” გავიფიქრე და ჩემი გაჩერებაც მოვიდა.
მომდევნო ორი დღე სხვა და სხვა ფორუმებზე, საიტებზე და ბლოგებზე გამოქვეყნებული ინფორმაციების კითხვას მოვანდომე. ზოგიერთი ადამიანი ჩეს აღმერთებდა, ზოგიც ”სიკვდილის მანქანას” უწოდებდა (ეკლესიებს გვინგრევდაო ერთი ეგ არ უთქვამთ). მერე თბილისის ფორუმის წარმომადგენელთა აზრების წაკითხვაც გადავწყიტე და აღმოჩნდა, რომ ჩე არც იქ უყვართ, ნუ უმრავლესობას. ამერიკოფილები მას ცუდად ეპყრობიან, ერთმა ისიც სთქვა ეგ სხვა და სხვა საფასურის სანაცვლოდ რევოლუციებს აწყობდა მსოფლიოს გარშემოო. მოკლედ მეც ძალიან მაგრად ავიჭერი.
ჩე სოციალისტი იყო. ებრძოდა ამერიკას და უყვარდა საბჭოეთი. (პრინციპში ფიდელს უფრო უყვარდა ვიდრე ჩეს).
მე დემოკრატი ვარ. არ მიყვარს რუსეთი, მძულს საბჭოეთი და მიყვარს ამერიკა.
ჩე ვერ იტანდა CIA-ს. მე მიყვარს CIA და ვერ ვიტან КГБ-ს.
ჩე ებრძოდა ამერიკულ იმპერიალიზმს. ამერიკანოთუმეობას. მე ვერ ვიტან (შეიძლება ვებრძვი კიდეც) რუსულ იმპერიალიზმს (საბჭოურს – თუმცა ეს სინონიმებია). რუსეთუმეობას.
ჩე რუსებში ხედავდა მოკავშირეს, მე ამერიკელებში. ის რაც ჩესთვის ბოროტებაა, ჩემთვის სიკეთე და თავისუფლებაა. და პირიქით.
ჩვენ ერთი რამ გვაერთიანებს! ჩვენ ვერ ვიტანთ იმპერიალისტებს! ჩვენ გვიყვარს თავისუფლება!
ამასწინად, ჩემმა ფლისქოლოგიის ლექტორმა (რომელიც ინდოეთიდან რომაა გეცოდინებათ), უკმაყოფილება გამოთქვა დენი ბოილის მიმართ, ბავშვებს ცუდად მოეპყროო ფილმის გადაღების მერეო, მარტო ოსკარზე დაპატიჟა და ოქროს გლობუსზე კი მარტო ორი კაცი ყავდაო. ვიფიქრე შევეპასუხები მეთქი, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ მისი ქვეყანა ბრიტანული იმპერიალიზმის მსხვერპლი იყო. ალბათ ეს უფრო ქვეცნობიერი პროტესტი იყო ბრიტანეთის მიმართ, ვიდრე ნამდვილი ბრაზი.
მაშასადამე აქ ვართ მე, ჩე და ჩემი ფსიქოლოგიის ლექტორი. სამივე ანტი-იმპერიალისტები.
რამდენიმე დღის უკან, ერთ-ერთ ”პროგრესულ” ამერიკულ ბლოგზე წავიკითხე ერთ-ერთი რაბინის წერილი, რომელსაც ერქვა: ”ფარაონს არ აქვს უფლება, იზეიმოს პასექი.” ყურადღებით ჩავიკითხე ეს წერილი. ის ღიად საუბრობდა ისრაელის აგრესიულ ქმედებებზე პალესტინის მიმართ. გმობდა ამ ყველაფერს და მოუწოდებდა ყველას, ნუ იქცეოდნენ ფარაონებად პალესტინელებისთვის.
ისიმის კითხვა – ტერორისტები? 9/11? ჰამასი?
პასუხად, თუ უბრალოდ ისე, მახსენდება ბავშვობაში წაკითხული არაკი (თუ არ ვცდები ქილილა და დამანადან). ერთმა მეფემ ყაჩაღი დაიჭირა და მისი სიკვდილით დასჯა ბრძანა. ბოლო სიტყვის უფლებაც მისცა რაღა თქმა უნდა. ყაჩაღმა უთხრა: ”რად მკლავ? ჩვენ ხომ ერთ საქმეს ვაკეთებთო?” მეფე გარისხდა. ”შენ შენი დიდძალი ჯარით შეესევი ქალაქებს, ქვეყნებს, ძარცვავ, ხალხს ხოცავ, მონები მოგყავს. მეც იგივეს ვაკეთებ, ოღონდ ერთი ვარო.” მეფეს გაეცინა და ყაჩაღი გაათავისუფლა.
მორალი… მორალი ისაა მეგობრებო, რომ მეც, ჩეც, ჩემი ფსიქოლოგიის ლექტორიც, ამერიკაც, რუსეთიც, ბრიტანეთიც და ისრაელიც, პალესტინაც და ავღანეთიც – მოკლედ ჩვენ ყველანი just ადამიანები ვართ…მეტი არაფერი. ეს ჩვენი ბუნებაა.
ასე მერვე კლასში ვიქნებოდი ალბათ, ბიოლოგიის მასწავლებელმა შეკითხვა დასვა: ”რით განსხვავდება ადამიანი ცხოველისაგანო?” – მე მაშინვე წამოვიძახე: ”აზროვნებს, მასწ.” სწორი პასუხი აღმოჩნდა: ”ლაპარაკობს.”

Recent Comments